GE EN
GE EN

საპროცესო მოქმედებების სამართლებრივი ბუნება და პრაქტიკული მნიშვნელობა სისხლის სამართლის პროცესში

სტაჟიორი - ანი გაფრინდაშვილი
საპროცესო მოქმედებად განიხილება ნებისმიერი სამართლებრივი მნიშვნელობის მქონე ქმედება, რომელიც ხორციელდება სისხლის სამართლის პროცესის ფარგლებში გამოძიების, ბრალის წარდგენის, დაცვის, მტკიცებულების მოპოვებისა და სასამართლო განხილვის პროცესში. მოქმედებები შესაძლოა განხორციელდეს როგორც საგამოძიებო ორგანოს, ასევე პროკურორისა და სასამართლოს მიერ. მოცემული ქმედებები რეგულირდება სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით და მათ მოჰყვებათ კონკრეტული სამართლებრივი შედეგები – მაგალითად, მტკიცებულების ფორმირება, პირის სამართლებრივი სტატუსის შეცვლა ან პროცესზე გავლენის მოხდენა.

საპროცესო მოქმედებების მრავალფეროვნება ერთ-ერთი მახასიათებელია, რაც ხაზს უსვამს მათ პრაქტიკულ მნიშვნელობას. ძირითადად განირჩევა: 

1. საგამოძიებო მოქმედებები – მიზნად ისახავს მტკიცებულებების მოპოვებას (დაკითხვა, ჩხრეკა, ამოღება, ამოსნთქმა, ექსპერტიზა და სხვა);
2. იძულებითი მოქმედებები – მოიცავს პროცესში მონაწილე პირის მიმართ თავისუფლების ან საკუთრების შეზღუდვას (დაკავება, გირაო, პატიმრობა და სხვა);
3. უზრუნველყოფის ღონისძიებები – მიმართულია იმისკენ, რომ პროცესი ეფექტურად გაგრძელდეს და მხარეებმა თავი არ აარიდონ სამართალს;
4. სასამართლო მოქმედებები – მოიცავს სასამართლოს მიერ პროცესის წარმართვისას განხორციელებულ გადაწყვეტილებებსა და ქმედებებს;
5. ტექნიკურ-საშუალებითი ქმედებები – ორგანიზაციული ხასიათის მოქმედებები, რომლებიც უზრუნველყოფს პროცესის პრაქტიკულ განხორციელებას (მოწმის დაბარება, პროტოკოლის შედგენა და სხვა).

საპროცესო მოქმედებები სისხლის სამართლის პროცესში წარმოადგენს პროცესის ძირითად მექანიზმს. სწორედ ამ მოქმედებათა მეშვეობით ხორციელდება მტკიცებულებების მოპოვება, შეფასება და წარმოდგენა სასამართლოში. აღნიშნულ ქმედებებს თან სდევს იურიდიულად რთული და ხშირად ადამიანის თავისუფლებასა და პირად ცხოვრებაზე პირდაპირ ზემოქმედების მქონე შედეგები. ამიტომ მათი კანონიერად განხორციელება არა მხოლოდ პროცესის ეფექტიანობის, არამედ დემოკრატიული სახელმწიფოს ფუნდამენტური ღირებულებების – კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებათა პატივისცემის გარანტიაა.

ნებისმიერი საპროცესო მოქმედება უნდა იყოს მყარად დაფუძნებული კანონზე. მისი განხორციელება დაუშვებელია თვითნებურად, გარეშე ფორმისა და სანქციის გარეშე. მაგალითად, ჩხრეკა უნდა ჩატარდეს სასამართლოს განჩინების საფუძველზე, ხოლო პირი, რომლის მიმართაც მოქმედება ხორციელდება, წინასწარ უნდა გაეცნოს თავისი უფლებები. კანონით დადგენილი პროცედურული წესების დარღვევამ შესაძლოა გამოიწვიოს მტკიცებულების დაუშვებლობა ან სასამართლო გადაწყვეტილების ბათილობა.

საპროცესო მოქმედებები არა მხოლოდ მექანიკურ პროცედურათა ერთობლიობაა, არამედ მართლმსაჯულების არსის გამომხატველი ინსტრუმენტია. წინასწარი გამოძიების და სასამართლო განხილვის ეფექტიანად წარმართვა სწორედ ამ ქმედებების კანონიერ შესრულებაზეა დამოკიდებული. მოქმედებათა სამართლებრივი ფორმის დარღვევა ხშირად ხდება ადამიანის უფლებათა დარღვევის მიზეზი, რაც, თავის მხრივ, შეიძლება გახდეს სახელმწიფოს პასუხისმგებლობის საკითხი როგორც ქვეყნის შიგნით, ისე საერთაშორისო დონეზე.

საპროცესო მოქმედებები წარმოადგენს სისხლის სამართლის პროცესის ცენტრალურ კომპონენტს. მათი სამართლებრივი მნიშვნელობა, პრაქტიკული მრავალფეროვნება და ადამიანის უფლებებთან დაკავშირებული რისკები მათგან ითხოვს მაქსიმალურ სიზუსტეს, კანონიერებასა და პროცედურული წესების დაცვას. მოქმედებები არ უნდა იყოს ფორმალური – ისინი უნდა ემსახურებოდეს სამართლიანობის მიღწევას. ამიტომ აუცილებელია სამართალდამცავ ორგანოთა პროფესიონალიზმი, სასამართლო კონტროლი და საზოგადოების აქტიური თანამონაწილეობა.

სტატიაზე მუშაობდა ,,ქართული სამართლის აკადემიის" სტაჟიორი - ანი გაფრინდაშვილი.

კითხვა გაქვთ? მოგვწერეთ