GE EN
GE EN

როგორ აღიაროთ სესხი ხანდაზმულად?

ადვოკატ - თამარ გაბადაძის რჩევები

რას ნიშნავს სესხის ხანდაზმულობა?

სესხის ხანდაზმულობის ვადა გულისხმობს დროის იმ მონაკვეთს, რომლის განმავლობაშიც გამსესხებელ ორგანიზაციას შესაძლებლობა აქვს, მოითხოვოს თანხის დაბრუნება სასამართლოსათვის მიმართვის გზით. იმ შემთხვევაში , თუ გამსესხებელი აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ მიმართავს სასამართლოს, მსესხებელს უფლება აქვს, უარი თქვას გამსესხებლისთვის სესხად მიღებული თანხის დაბრუნებაზე, მიუხედავად იმისა, რომ ვალი ფაქტობრივად არსებობს და გადაუხდელია.

როდიდან ითვლება სესხი ხანდაზმულად?

სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოთხოვნების ხანდაზმულობის ვადა 3 წელია, მაგრამ მნიშვნელოვანია სწორად იქნეს გამოთვლილი აღნიშნული ვადის დასაწყისი, რაც შედარებით პრობლემატურია იმ შემთხვევაში, როცა სესხის ხელშეკრულების ფარგლებში მოთხოვნა პერიოდულად უნდა შესრულდეს. მაგალითის სახით რომ მოვიყვანოთ, თუ სესხის ხელშეკრულება დაიდო 2020 წლის 1 მარტს, 500 ლარზე, 2 თვიანი ვადით, ანუ სესხის თანხა ერთიანად უნდა დაებრუნებინათ 2020 წლის 1 მაისის ჩათვლით და არ მოხდა მისი დაბრუნება, აღნიშნული მოთხოვნა ხანდაზმულად ჩაითვლება 2023 წლის 2 მაისიდან. ხოლო იმ შემთხვევაში, თუ დასახელებული 500 ლარის დასაბრუნებლად განსაზღვრული იყო ეტაპობრივი გადახდა- 200 ლარი უნდა დაებრუნებინა 2020 წლის 1 აპრილს, ხოლო დარჩენილი 300 ლარი 2020 წლის 1 მაისს, ამ შემთხვევაში ხანდაზმულობის ვადა თითოეული მოთხოვნისთვის ცალ-ცალკე აითვლება. შესაბამისად 200 ლარის მოთხოვნის ნაწილში ხანდაზმულობა დასრულდება 2023 წლის 2 აპრილს, ხოლო 300 ლარის ნაწილში- 2023 წლის 2 მაისს.

ზემოთაღნიშნული განმარტება განაპირობებს სწორედ იმას, რომ ზოგჯერ ვითხოვთ არა სრული ვალდებულების ხანდაზმულად ცნობას, არამედ მხოლოდ იმ მოთხოვნების ნაწილში, რომლის ხანდაზმულობის ვადაც უკვე გასულია.

როგორ ვაღიაროთ სესხი ხანდაზმულად?

მიუხედავად იმისა, რომ თქვენ სწორად გამოთვალოთ და მიხვიდეთ დასკვნამდე, რომ სესხი ხანდაზმულია, ის ავტომატურად ხანდაზმულად არ ითვლება. ხანდაზმულად სესხიდან გამომდინარე მოთხოვნა უნდა აღიაროს სასამართლომ, რომლის დროსაც მოსარჩელემ- პირმა რომელსაც სურს რომ მისი სესხი ხანდაზმულად იქნეც ცნობილი, სასამართლოში უნდა შეიტანოს სარჩელი, სადაც მოთხოვნების სწორად ჩამოყალიბებას ასევე გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან არ მოხდეს ისე, რომ თვეობით ელოდონ სასამართლოს გადაწყვეტილებას და ბოლოს აღმოჩნდეს, რომ მოთხოვნა არასწორად ჰქონიათ წარდგენილი.

აქვს თუ არა სასამართლოს უფლება საკუთარი ინიციატივით აღიაროს სესხი ხანდაზმულად?

ვინაიდან სამოქალაქო სამართლაწარმოება აგებულია სრულად მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპზე, მოსამართლეს არ აქვს უფლება, მხარეს უთხრას, რომ მისი მოთხოვნა ხანდაზმულია. უფრო მეტიც, მას აღნიშნულზე მითითების/მინიშნების უფლებაც კი არ აქვს მოვალისთვის (მოპასუხისთვის). ამიტომ არის მნიშვნელოვანი აღნიშნული პროცესში ადვოკატის ჩართულობა და სასამართლოსთვის შესაბამისი წესით წარდგენა სათანადო მტკიცებულებებისა და არგუმენტაციის, რითაც დადასტურდება, რომ მოთხოვნა ხანდაზმულია.

სად წარვადგინოთ აღსასრულებლად სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც მოხდა სესხის ხანდაზმულად აღიარება?

როდესაც სესხის ხელშეკრულებისდან გამომდინარე მოთხოვნის ხანდაზმულობა დადასტურებულია სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით, აღნიშნული უნდა წარადგინოთ საკრედიტო საინფორმაციო ბიურო კრედიტინფო საქართველოში და მოვითხოვოთ სესხის ხანდაზმულად ცნობის ასახვა კლიენტის ე.წ. რეპორტში. კრედიტინფო საქართველო ვალდებულია რომ აღნისნული ინფორმაცია ასახოს და შეიყვანოს შესაბამის მონაცემთა ბაზაში.

რა რჩევას მისცემდით დამატებით იმ პირებს, რომლებიც პრობლემური აქტივების ბიუროდან არაერთ ზარს იღებენ სესხის შესრულებაზე, თუმცა იციან რომ მათი მოთხოვნა ხანდაზმულია?

აუცილებლად დაიწყონ დავა სასამართლოში და მოთხოვონ სესხის ხანდაზმულად ცნობა. ასევე გაითვალისწინონ, რომ შესაძლოა მიუხედავად იმისა, რომ მოთხოვნა იყოს ხანდაზმული, ბანკმა / პრობლემური აქტივების ბიუროებმა მაინც მოითოვონ ან სასამართლოს გზით, ან გამარტივებული წარმოების გზით თანხის დაკისრება. ამ შემთხვევაში თუ ისინი დროულად არ წარადგენენ პასუხს (შესაგებელს/პროტესტს) და არ მიუთითებენ რომ მოთხოვნა ხანდაზმულია, სასამართლო ან აღსრულების ეროვნული ბიურო გამარტივებული საქმისწაროების ფარგლებში გამოსცემს დოკუმენტს, რომლითაც მათ დაეკისრებათ იმ მოთხოვნის შესრულება, რომელიც ხანდაზმული იყო, მაგრამ დროულად არ განაცხადეს მოთხოვნის ხანდაზმულობის შესახებ.

სტატიის ავტორი – თამარ გაბადაძე (ადვოკატი)

კითხვა გაქვთ? მოგვწერეთ