GE EN
GE EN

ნასამართლობა

მსჯავრდებული ნასამართლევად ითვლება გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლის დღიდან ნასამართლობის გაქარწყლების ან მოხსნის მომენტამდე.

ნასამართლობა ქარწყლდება შემდეგ შემთხვევებში :

  • პირობით მსჯავრდებულისათვის – გამოსაცდელი ვადის გასვლის შემდეგ;
  • თავისუფლების აღკვეთაზე უფრო მსუბუქი სასჯელით მსჯავრდებულისათვის – სასჯელის მოხდიდან ერთი წლის შემდეგ;
  • ნაკლებად მძიმე დანაშაულისათვის თავისუფლების აღკვეთით მსჯავრდებულისათვის – სასჯელის მოხდიდან სამი წლის შემდეგ;
  • მძიმე დანაშაულისათვის თავისუფლების აღკვეთით მსჯავრდებულისათვის – სასჯელის მოხდიდან ექვსი წლის შემდეგ;
  • განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის თავისუფლების აღკვეთით მსჯავრდებულისათვის – სასჯელის მოხდიდან რვა წლის შემდეგ.

ნასამართლობის მოხსნა ხდება შემდეგ შემთხვევაში:

  • თუ სასჯელის მოხდის შემდეგ მსჯავრდებული უმწიკვლოდ იქცეოდა, მაშინ მისი თხოვნით სასამართლოს შეუძლია მოუხსნას მას ნასამართლობა ნასამართლობის გაქარწყლების ვადის გასვლამდე.

ზოგადი წესის მიხედვით თუ პირს ნასამართლობა არ აქვს მოხსნილი ან გაქარწყლებული და ჩაიდენს ახალ დანაშაულს, ნასამართლობამ შეიძლება მნიშვნელოვნად გააუარესოს მისი მდგომარეობა, რაც ნიშნავს იმას, რომ შესაძლოა დამამძიმებელ გარემოებად იქნეს მიჩნეული, ან ქმედება ჩაითვალოს არაერთგზის დანაშაულად, ან დანაშაულის რეციდივად, რაც ბრალის ფორმულირებისა და შესაბამისად სასჯელის განსაზღვრის თვალსაზრისით ბევრად უფრო მძიმე აღმოჩნდება მსჯავრდებულისთვის.

გაქარწყლებული ან მოხსნილი ნასამართლობა კი მხედველობაში არ მიიღება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის, დანაშაულის კვალიფიკაციისა და სისხლისსამართლებრივი ზემოქმედების ღონისძიების საკითხის გადაწყვეტისას.

ნასამართლობის მოხსნის საკითხს სასჯელმოხდილი პირის შუამდგომლობით განიხილავს გადაწყვეტილების მიმღები ან სასჯელმოხდილი პირის მუდმივი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით რაიონული (საქალაქო) პირველი ინსტანციის სასამართლო.

ნასამართლობის მოხსნის შესახებ კითხვების არსებობის შემთხვევაში დაგვიკავშირდით ან მოგვწერეთ თქვენთან საკონტაქტო მონაცემები.

კითხვა გაქვთ? მოგვწერეთ