GE EN
GE EN

მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის ფარგლებში ხშირად დასმული კითხვები:

საჭირო ინფორმაცია

რას ნიშნავს სისტემური რეგისტრაცია?

სისტემური რეგისტრაცია გახლავთ საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით განსაზღვრულ გეოგრაფიულ არეალებში მდებარე მიწის ნაკვეთებზე , საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ წარმოებული პროცესი, რომლის დროსაც სააგენტო საკუთარი ინიციატივით, სისტემური წესით ზომავს მიწის ნაკვეთებს, იძიებს შესაბამის დოკუმენტაციას და არეგისტრირებს საკუთრებას მოძიებული დოკუმენტაციის საფუძველზე.

რას ნიშნავს სპორადული რეგისტრაცია?

სპორადული რეგისტრაცია გახლავთ ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე არა სააგენტოს ინიციატივით, არამედ თავად დაინტერესებული პირის განცხადების და შესაბამისი დოკუმენტაციის წარდგენის საფუძველზე მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლებისა და რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილების რეგისტრაცია;

ვის შეუძლია მოითხოვოს მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარება და რა წინაპირობებს უნდა აკმაყოფილებდეს იგი?

მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარება შეიძლება მოითხოვოს პირმა, რომელიც გახლავთ მიწის ნაკვეთის მართლზომიერი მფლობელი, ან თვითნებურად აქვს უძრავი ქონება/მიწის ნაკვეთი დაკავებული.

რომელი მიწის ნაკვეთი მიიჩნევა თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთად?

თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთად მიიჩნევა:

  • ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ კანონის ამოქმედებამდე ფიზიკური პირის მიერ თვითნებურად დაკავებული სახელმწიფო საკუთრების სასოფლო /არასასოფლო მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია საცხოვრებელი ან არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული, მშენებარე ან დანგრეული), ფიზიკური პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი (შენობით ან მის გარეშე), რომელთა ჯამური ფართობი ბარში არ აღემატება 1.25 ჰექტარს, ხოლო მაღალმთიან დასახლებაში − 5 ჰექტარს;
  • კერძო სამართლის იურიდიული პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), რომლის ფართობიც ნაკლებია საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის ფართობზე და რომელიც საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნის მომენტისთვის სახელმწიფოს მიერ განკარგული არ არის, ან არ არის ვინმეს მართლზომიერ მფლობელობაში;

ვინ ჩაითვლება მიწის ნაკვეთის მართლზომიერ მფლობელად და რა დოკუმენტაცია ადასტურებს მართლზომიერი მფლობელობის ფაქტს?

მიწის ნაკვეთის მართლზომიერ მფლობელად ითვლება ფიზიკური პირი, რომელსაც მესაკუთრედ რეგისტრაციის მოთხოვნის უფლება მიწის მართლზომიერი მფლობელობის (სარგებლობის) დამადასტურებელი დოკუმენტის საფუძველზე წარმოეშვა და რომელიც რეგისტრაციის მოთხოვნის დროისათვის ფაქტობრივად ფლობს ნივთს;

მართლზომიერი მფლობელობის დამადასტურებელი დოკუმენტებია:

  • 2004 წლის 4 ოქტომბრამდე უძრავი ნივთის მფლობელად (მოსარგებლედ) ტექნიკური ინვენტარიზაციის არქივში აღრიცხვის დამადასტურებელი ცნობა-დახასიათება;
  • საკომლო წიგნიდან ამონაწერი;
  • მებაღის წიგნაკი;
  • „საქართველოს რესპუბლიკაში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის რეფორმის შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 18 იანვრის №48 დადგენილების შესაბამისად სოფლის (დაბის) ადგილობრივი მმართველობის ორგანოების გადაწყვეტილებით შექმნილი მიწის რეფორმის კომისიის მიერ შედგენილი და სოფლის (დაბის) ყრილობაზე (საერთო კრებაზე) დამტკიცებული მიწების განაწილების სია (შემდგომ − განაწილების სია) თანდართული მიწის გამოყოფის გეგმით ან მის გარეშე;
  •  სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწით ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწით სარგებლობისთვის გადასახადის გადამხდელთა სია;
  • სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების მიერ გაცემული მიწის ნაკვეთის მიმაგრების აქტი ან მიწის ნაკვეთის გეგმა;
  • სასამართლოს აქტი;
  • საქართველოს ეროვნულ არქივში ან სხვა ადმინისტრაციული ორგანოს არქივში დაცული დოკუმენტი (მათ შორის, ბინის მეპატრონეთა წიგნის ჩანაწერი, მიწის საკადასტრო წიგნის ჩანაწერი) თანდართული მიწის გამოყოფის გეგმით ან მის გარეშე;
  • სარეგისტრაციო წარმოებისას მოძიებული/წარმოდგენილი სხვა შესაბამისი დოკუმენტი;

რომელი ადმინისტრაციული ორგანო ახორციელებს სისტემური რეგისტრაციის ფარგლებში საკუთრების უფლების აღიარებას თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთზე?

სისტემური რეგისტრაციის გეოგრაფიულ არეალში მდებარე თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებას უზრუნველყოფს საჯარო რეესტრის ეროვნული საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო.

სააგენტო უფლებამოსილია სისტემური რეგისტრაციის გეოგრაფიულ არეალში საკუთრების უფლება აღიაროს, „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მიხედვით თვითნებურად დაკავებული მიწის  მიწის ნაკვეთის გარდა, აგრეთვე თვითნებურად დაკავებულ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე (სათიბის, სახნავის (მათ შორის, მრავალწლიანი ნარგავებით დაკავებული, საბაღე, საბოსტნე) ან საკარმიდამო კატეგორიის მიწის ნაკვეთზე) იმ შემთხვევაშიც, თუ მასზე განთავსებული არ არის შენობა-ნაგებობა ან ის არ არის დაინტერესებული პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე მიწის ნაკვეთი. ამ შემთხვევაში აღიარებული მიწის ნაკვეთების ჯამური ფართობი ერთ ფიზიკურ პირზე ან კომლზე (კომლის წევრებზე) ბარში არ უნდა აღემატებოდეს 1.25 ჰა-ს, ხოლო „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად განსაზღვრულ მაღალმთიან დასახლებაში − 5 ჰა-ს.

სად და როგორ საჩივრდება სააგენტოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება?

მარეგისტრირებელი ორგანოს გადაწყვეტილება ძალაში შედის გამოქვეყნებისთანავე და ნებისმიერ დაინტერესებულ პირს უფლება აქვს მარეგსტრირებელი ორგანოს გადაწყვეტილება გამოქვეყნებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში გაასაჩივროს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში ადმინისტრაციული საჩივრის წარდგენის გზით, ხოლო ადმინისტრაციულ საჩივარზე მიღბული გადაწყვეტილება საჩივრდება სასამართლოში 30 კალენდარული დღის ვადაში, ადმინისტრაციული სარჩელის შეტანის გზით.

აღნიშნულ საკითხზე დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში შეგიძლიათ მოგვწეროთ შეკითხვა ან დაგვიკავშირდეთ ნომერზე – 574 45 45 40;

კითხვა გაქვთ? მოგვწერეთ