სისხლისსამართლებრივი დევნა იწყება –
- დაკავების მომენტიდან;
- პროკურორის მიერ ბრალდების შესახებ დადგენილების გაცნობისთანავე;
მას შემდეგ, რაც პირი შეიძენს ბრალდებულის სტატუსს, არა უგვიანეს 48 საათისა პროკურორს სასამართლოში შეაქვს შუამდგომლობა აღკვეთის ღონისძიების გამოყენების შესახებ. შუამდგომლობის წარდგენიდან კი არა უგვიანეს 24 საათისა, მოსამართლე ატარებს სხდომას და განიხილავს საკითხს, თუ რომელი აღკვეთის ღონისძიება უნდა შეეფარდოს ბრალდებულს.
აღკვეთის ღონისძიების გამოყენების მიზანია, რომ ბრალდებულმა თავი არ აარიდოს სასამართლოში გამოცხადებას, აღიკვეთოს მისი შემდგომი დანაშაულებრივი საქმიანობა, უზრუნველყოფილ იქნეს განაჩენის აღსრულება.
მოსამართლე, ბრალდებულის პირველი წარდგენის სასამართლო სხდომაზე, იხილავს პროკურორის შუამდგომლობას. ის ითხოვს ბრალდებულის მიმართ კონკრეტული აღკვეთის ღონისძიების გამოყენებას, რომლის შემდეგაც მოსამართლე ისმენს ბრალდებულისა და მისი ადვოკატის პოზიციას პროკურორის მიერ გაჟღერებულ შუამდგომლობასთან დაკავშირებით.
აღკვეთის ღონისძიების სახით შეიძლება გამოყენებულ იქნეს:
- გირაო;
- შეთანხმება გაუსვლელობისა და სათანადო ქცევის შესახებ;
- პირადი თავდებობა;
- სამხედრო მოსამსახურის ქცევისადმი სარდლობის მეთვალყურეობა;
- პატიმრობა;
მხარეთა პოზიციების, სასამართლოში წარდგენილი საქმის მასალებისა და ბრალდებულის პიროვნების გათვალისწინებით, მოსამართლე იღებს განჩინებას აღკვეთის ღონისძიების გამოყენების შესახებ.
აქვე აღსანიშნავია, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობა კრძალავს ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიების – პატიმრობის გამოყენებას იმ შემთხვევაში, როდესაც აღკვეთის ღონისძიების მიზნების მიღწევა შესაძლებელია, სხვა ნაკლებად მკაცრი აღკვეთის ღონისძიების გამოყენებით.
ბრალდებულის პატიმრობის ვადა წინასასამართლო სხდომამდე არ უნდა აღემატებოდეს 60 დღეს, ხოლო საერთო ვადა განაჩენის გამოტანამდე – 9 თვეს. აღნიშნული ვადების დარღვევის შემთხვევაში , ბრალდებული დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს პატიმრობიდან.
იცოდე შენი უფლებები, რათა უკეთ შეძლო მათი დაცვა! ,,ქართული სამართლის აკადემიის“ მიზანია მოგაწოდოთ ინფორმაცია უფლებების შესახებ და საჭიროების შემთხვევაში დაიცვას თქვენი უფლებები საგამოძიებო, თუ სასამართლო წარმოების ეტაპზე.
დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაგვიკავშირდით ან მოგვწერეთ შეკითხა.