მშობლები მოვალენი არიან არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები, აგრეთვე შრომისუუნარო შვილები, რომლებიც დახმარებას საჭიროებენ.
ალიმენტის ოდენობაზე და გადახდის წესზე თანხმდებიან მშობლები, ხოლო მათი შეუთანხმებლობის შემთხვევაში, მშობელმა, რომელთანაც ცხოვრობენ არასრულწლოვანი შვილები, უნდა მიმართოს სასამართლოს და მოითხოვოს ალიმენტის დაკისრება არასრულწლოვანი შვილის/შვილების სასარგებლოდ.
ყოველთვიურად გადასახდელი ალიმენტის კონკრეტულ თანხას ასახელებს მშობელი სარჩელში, თუმცა მის ოდენობას საბოლოოდ განსაზღვრავს სასამართლო გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში.
მას შემდეგ, რაც სასამართლო გადაწყვეტილება ალიმენტის დაკისრების შესახებ შევა კანონიერ ძალაში, დაიწყება მისი აღსრულება.
თუ იმ მშობლის ფინანსური მდგომარეობა გაუარესდება, რომელსაც დაკისრებული აქვს ალიმენტის გადახდა, უფლება აქვს მიმართოს სასამართლოს და მოითხოვოს ალიმენტის თანხის შემცირება.
გაითვალისწინეთ – მშობელი, მიუხედავად მისი ფინანსური მდგომარეობისა, არ თავისუფლდება ალიმენტის თანხის გადახდისგან !