ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ჩადენისათვის ადმინისტრაციულ სახდელად, გამონაკლის შემთხვევებში, შეიძლება გამოყენებულ იქნეს ადმინისტრაციული პატიმრობა 15 დღემდე ვადით, რომელიც გამოიანგარიშება დღე – ღამით.
ადმინისტრაციული პატიმრობა არ შეიძლება შეეფარდოთ ორსულ ქალებს, დედებს, რომლებსაც ჰყავთ თორმეტ წლამდე ბავშვები, თვრამეტი წლის ასაკს მიუღწეველ პირებს, პირველი და მეორე ჯგუფის ინვალიდებს.
ადმინისტრაციულ პატიმრობას სამართალდამრღვევ პირს შეუფარდებს შესაბამისი რაიონის (ქალაქის) სასამართლოს მოსამართლე. სამართლწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე, შესაბამისად ადვოკატს უფლება აქვს – გაეცნოს საქმის ყველა მასალას, განაცხადოს შუამდგომლობანი, იმ პირის დავალებით, რომელმაც იგი მიიწვია და მისივე სახელით შეიტანოს საჩივარი საქმის გამო მიღებულ დადგენილებაზე. ადვოკატის უფლებამოსილება დასტურდება იურიდიული კონსულტაციის მიერ გაცემული ორდერით.
ადმინისტრაციული პატიმრობის შესახებ სასამართლოს დადგენილება გამოტანიდან 48 საათში შეიძლება ერთჯერადად გაასაჩივროს პირმა, რომელსაც შეეფარდა პატიმრობა, ან მისმა ადვოკატმა, აგრეთვე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შემდგენმა ორგანომ სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში.
სააპელაციო სასამართლო საჩივარს განიხილავს მხარეთა მონაწილეობით ზეპირი მოსმენის საფუძველზე, საჩივრის დასაშვებად ცნობის შესახებ დადგენილების გამოტანიდან 48 საათში.
დადგენილება პატიმრობის შესახებ აღსრულდება დაუყოვნებლივ და პირი პატიმრობას იხდის შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ განსაზღვრულ ადგილებში.
ადმინისტრაციული პატიმრობის მოხდის დღიდან ერთი წლის განმავლობაში პირი ითვლება ადმინისტრაციულ სახდელდადებულად და ამ ვადაში აღნიშნული პირის მიერ სხვა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენა ითვლება ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის დამამძიმებელ გარემოებად და სახდელის დადების დროს მხედველობაში იქნება მიღებული.