- მიწის ნაკვეთის ჯამური მოცულობა, რომელიც შეგიძლიათ დაირეგისტრიროთ როგორც თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი, ბარში არ უნდა აღემატებოდეს 1.25 ჰა-ს, ხოლო მაღალმთიან რეგიონში 5 ჰა-ს.
- ნაკვეთი, რომლის თვითნებურად დაკავებულის წესით რეგისტრაციაც გსურთ, უნდა მდებარეობდეს თქვენს საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავედ, ან მასში უნდა იდგეს შენობა-ნაგებობა.
- თუ თქვენს მიერ თვითნებურად დაკავებული ნაკვეთი არ აკმაყოფილებს მე-2 პუნქტით გათვალისწინეულ პირობებს, მაგრამ მდებარეობს სისტემური რეგისტრაციის არეალში, მაინც შეგიძლიათ მასზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია.
- თუ თქვენ გაქვთ თვითნებურად დაკავებული ნაკვეთი, მაგრამ აღნიშნული ნაკვეთი არის საძოვარი, გამოიყენება საზოგადოებრივი დანიშნულებით, არის სახელმწიფო ტყის მიწა, განთავსებულია წყალსაცავი ან სხვა საზოგადოებრივი ინფრასტრუქტურის რაიმე ობიექტი, საკუთრების უფლება მასზე არ დაგირეგისტრირდებათ.
- თუ თქვენ უარი გითხრეს რეგისტრაციაზე, პასუხი არ გამოგეგზავნებათ , პასუხი გამოქვეყნდება საჯარო რეესტრის ვებ-გვერდზე და ამ დროიდან დაიწყება გასაჩივრების 30 დღიანი ვადის ათვლა, რომლის გასვლის შედეგაც თქვენ ვეღარ შეძლებთ მის გასაჩივრებას და მოგიწევთ წარმოების თავიდან დაწყება და 600 ლარის გადახდა.
- რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილებას თქვენ ასაჩივრებთ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში. პასუხს 1 თვეში მიიღებთ. თუ არ დააკმაყოფილეს საჩივარი, ის 1 თვის ვადაში სასამართლოში უნდა გაასაჩივროთ.
- სასამართლოში უნდა გაასაჩივროთ არა მხოლოდ თქვენი საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება, არამედ ის გადაწყვეტილებაც , რომლითაც უარი გეთქვათ საკუთრების უფლების აღიარებაზე. ხოლო, თუ უარი ეფუძნება მერიის მიერ გადმოგზავნილ დოკუმენტს, აუცილებელია, რომ თქვენ მისი ბათილად ცნობაც მოითხოვოთ.
ყურადღებით გაეცანით ზემოთაღნიშნულ ინფორმაციას, რათა არ გაუშვათ შესაძლებლობა უფასოდ მოახდინოთ საკუთრების რეგისტრაცია. დამატებითი კითხვების შემთხვევაში, შეგიძლიათ მოგვწეროთ თქვენი საკონტაქტო მონაცემები და მზად ვართ უფასოდ გაგიწიოთ სამართლებრივი კონსულტაცია.