ნარკოპოლიტიკა საქართველოში წლების განმავლობაში მკაცრი საკანონმდებლო ჩარჩოებით განისაზღვრებოდა, სადაც მთავარ მიზანს რეპრესიული მექანიზმების გამოყენებით ნარკოტიკების მოხმარების შემცირება წარმოადგენდა. ამ სტრატეგიის ფარგლებში, სისხლის სამართლებრივი დევნის ობიექტი ხშირად ხდებოდა არა ნარკოტიკული საშუალებების გამავრცელებელი, არამედ მომხმარებელი. ცვლილებების ტენდენცია განსაკუთრებით მკვეთრად აისახა 2018 წელს, როდესაც საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ მარიხუნას მოხმარება და მისი დეკრიმინალიზაცია პიროვნების თავისუფლებისა და პრივატული ცხოვრების უფლების კონტექსტში განიხილა. ეს გადაწყვეტილება არა მხოლოდ სამართლებრივი, არამედ ღირებულებითი გარდასახვაც იყო წარსულის მკაცრი ნორმებისაგან. მიუხედავად ამისა, მარიხუანას შენახვა, გაყიდვა და საზოგადოებრივ სივრცეში მოხმარება კვლავ რჩება დასჯად ქმედებად, რაც შეეხება სხვა ტიპის ნარკოტიკებს, მათთან მიმართებით კანონმდებლობა კვლავინდებურად მკაცრია. მცირე დოზის ფლობის შემთხვევაშიც კი განსაზღვრულია საკმაოდ მკაცრი სასჯელები, რაც არაერთგზის გამხდარა ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში კრიტიკის საფუძველი.
ნარკოტიკული საშუალებების ლეგალიზაციის საკითხი ერთ-ერთი ყველაზე სადავო და კომპლექსური თემაა თანამედროვე სამართლბრივ და სოციალურ დისკურსში. მიუხედავად იმისა, რომ ლიბერალური მიდგომების მომხრეთა არგუმენტები ძირითადად ინდივიდის თავისუფლებაზე, ჰუმანურობასა და სახელმწიფო რესურსების უფრო რაციონალურ განაწილებაზე არის დაფუძნებული, აუცილებელია ყურადღება გამახვილდეს იმ პოტენციურ საფრთხეებზე, რაც ნარკოტიკების სრულმა ან ნაწილობრივმა ლეგალიზაციამ შეიძლება საზოგადოებას მოუტანოს.
უპირველეს ყოვლისა, ნარკოტიკული საშუალებები მნიშვნელოვნად აზიანებს ადამიანის ჯანმრთელობას, როგორც ფიზიკურად ასევე ფსიქოლოგიურად, რეგულარული მოხმარება იწვევს ნერვულ აშლილობას, დამოკიდებულებას ნარკოტიკულ თუ ფისიქოაქტიურ საშუალებებზე, სოციალურ იზოლაციას და შრომისუნარიანობის დაკარგვს. განსაკუთრებით ფსიქოაქტიური საშუალებების გავრცელება ახალგაზრდებში წარმოადგენს მნიშვნელოვან საფრთხეს, რაც ზრდის ცხოვრების სტილის შეცვლის ალბათობას, მავნე ჩვევების გახშირებას, დანაშაულის ჩადენისა და თვითდესტრუქციული ქცევის ალბათობის ზრდას. ლეგალიზაციის შემთხვევაში არსებობს მაღალი რისკი, რომ ეს პროცესი აღქმული იქნას არა როგორც საზოგადოებრივი ჯანდაცვის პოლიტიკის ნაწილში, არამედ სახელმწიფოს მოუწევს შექმნას მკაცრი კონტროლის და მონიტორინგის მექანიზმი, რათა თავიდან იქნეს არიდებული არა მხოლოდ მისი მოხმარების მასობრივი ტალღა, არამედ არალეგალური ბაზრის პარალელური გაძლიერება.
სისხლის სამართლის კოდექსში მკაცრდება ნარკოდანაშაულთან დაკავშირებული მუხლები, კერძოდ –
1) მკაცრდება სასჯელები ყველა სახის ნარკოტიკული საშუალების გაყიდვისთვის; მცირე ოდენობის ნარკოტიკის გაყიდვა დაისჯება 12-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობით – მოქმედი კანონმდებლობით ეს დანაშაული ათ წლამდე პატიმრობას ითვალისწინებდა.
2) სამიდან 6 წლამდე დაისჯება კანაფის და მარიხუანის გასაღება, ხუთიდან ათ წლამდე პატიმრობით კანაფისა და მარიხუანის გაყიდვა;
3) კანონი განსაზღვრავს, რას ჩათვლის სახელმწიფო ნარკოტიკებით ვაჭრობად და ვის ჩათვლის ნარკომოვაჭრედ, ასევე იმას, თუ ვინ ჩაითვლება ნარკომოვაჭრის ოჯახის წევრად, ახლო ნათესავად და დაკავშირებულ პირად, რა ჩაითვლება ნარკომოვაჭრის ქონებად – კანონში ასეთი განმარტებები არ არსებობდა.
4) შესაძლებელი გახდება ნარკორეალიზატორის ან ნარკოტიკების გავრცელებაში ხელშემწყობის უძრავ-მოძრავი ქონების ჩამორთმევა და სახელმწიფოსთვის გადაცემა.
5) 2025 წლის პირველი ივნისიდან მას, ვისაც დაუდასტურდება რომ მოიხმარა ნარკოტიკი ან მას, ვინც თავს აარიდებს ნარკოლოგიურ შემოწმებას, სამი წლით ჩამოართმევენ მართვის მოწმობას, 5 წლით აუკრძალავენ საჯარო სამსახურში, პედაგოგიურ და საგანმანათლებლო დაწესებულებებში მუშაობას და ამავე ვადით ჩამოართმევენ იარაღის ტარების/ქონის უფლებას;
6) თუკი პოლიციელი ქცევით ან სხვა რაიმე გარეგნული ნიშნით ჩათვლის, რომ მოქალაქე შეიძლება ნარკოტიკული საშუალების ზემოქმედების ქვეშ იყოს, მას უფლება აქვს გადაიყვანოს იგი ექსპერტიზაზე. ამ მოთხოვნაზე უარის თქმა შესაძლებელია, მაგრამ უარის შემთხვევაში მოქალაქეს მაინც რჩება ვალდებულება პოლიციას 24 საათის განმავლობაში წარუდგინოს დამოუკიდებლად ჩატარებული კვლევის შედეგები. ნარკოტესტი უნდა გაკეთდეს მიმართვის გამოწერიდან არაუგვიანეს 8 საათისა. ამ მოთხოვნის შეუსრულებლობა პირველ ჯერზე დაისჯება 500-დან 2 000 ლარამდე ჯარიმით ან 60 დღემდე ადმინისტრაციული პატიმრობით, 7)განმეორების შემთხვევაში დადგება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა;
ბოლო ათწლეულში საქართველოში ნარკოდანაშაულის სტატისტიკა საკმაოდ მაღალი იყო, შსს მონაცემებით 2015-2019 წლებში ნარკოტიკებთან დაკავშირებულ საქმეებზე ყოველწლირად რეგისტრირდებოდა ათასობით სისხლის სამართლის საქმე. აქედან მნიშვნელოვანი ნაწილი დაკავშირებული იყო მცირე ოდენობით ფლობასთან, რაც რეალურად მეტწილად მომხმარებლებს ეხებოდა და არა გაამსაღებელს. დღეს გვაქვს გარკვეული ცვლილებები, მაგალითად მცირე ოდენობის ფლობისთვის სასჯელის შემცირება და ადმინისტრაციულ ნაწილში განხილვა, აგრეთვე საკონსიტიტუციო სასამართლომ მარიხუანას მოხმარება დეკრიმინალიზებულ ქმედებად ცნო და განასხვავა მომხმარებელი და მიმწოდებელი/ გამავრცელებელი პირი ერთმანეთისაგან. თუმცა ნარკოტიკებთან მიმართებით პოლიტიკა კვლავ მკაცრია.
ნარკოდანაშაულის რეგულაციები საქართველოში ჯერ კიდევ იმყოფება გარდამავალ ეტაპზე, სადაც რეალური პროგრესი მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება შესაძლებელი, თუ კანონმდებლობა ადამიანის უფლებების პრიზმიდან, ჯანდაცვითი და სოციალური პასუხისმგებლობის ჩარჩოებში დაიგეგმება. აღნიშნული რეგულაციები უნდა შემუშავდეს იმგვარად რომ, არ მოხდეს არალეგალური ბაზრების გავრცელება, არამედ იგი უნდა მოერგოს საზოგადოებრვ საჭიროებას/კეთილდღეობას და სწორედ ამ თვალთახედვიდან უნდა იქნეს შემუშავებული.
სტატიაზე მუშაობდა ,,ქართული სამართლის აკადემიის” სტაჟიორი – ნინო ნანავა